გაბრიელ გარსია მარკესი ხუან რულფოზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდა. ნათქვამიც აქვს, „პედრო პარამო“ მე რომ დამეწერა, ცხოვრებაში სხვას აღარაფერს დავწერდიო.ნაწარმოები „მარტოობის ასი წელი“ მიჩნეულია მაგიური რეალიზმის კაშკაშა სიმბოლოდ,თუმცა აშკარად იგრძნობა რულფოს გავლენა მწერლის შემოქმედებაში. ხუან რულფო იყო ადამიანი,რომელმაც დიდწილად განსაზღვრა არამარტო გაბრიელ გარსია მარკესის,არამედ უამრავი სხვა შემოქმედის ლიტერატურული ბედი .

საინტერესო კაცი იყო ხუან რულფო, იდუმალი, მისტიური. ერთადერთი რომანი და მოთხრობების კრებული გამოაქვეყნა თავისი არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში (68 წლისა გარდაიცვალა), და დატოვა უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა. სიცოცხლის ბოლო წლები მექსიკის მთებში გაატარა, ბევრი ფიქრობდა,რომ რაიმე ახალს წერდა,თუმცა აღარაფერი დაუწერია,მიუხედავად ამისა მან დაგვიტოვა „პედრო პარამო“.

პროტაგონისტი ქალაქ კომალაში მიემგზავრება მამის,ვინმე პედრო პარამოს სანახავად. მან დედას სიკვდილის წინ სიტყვა აღუთქვა,რომ ნებისმიერ ფასად იპოვიდა დიდი ხნის წინ გადაკარგულ მამას. მშობელი დედის გარდაცვალების შემდეგ კი იწყება მოგზაურობა იქ,სადაც ირღვევა კავშირი სინამდვილესა და გამოგონილს შორის. ნაწარმოების მთავარი გმირი აღმოჩნდება მოჩვენებათა ქალაქში. გარემოს აღწერა, დიალოგები, სიუჟეტური ხაზი, მოვლენათა ცვლა,დინამიკა,ანიჭებს რომანს მაღალ მხატვრულ ღირებულებას,აღსანიშნავია,რომ კრებულში რომანთან ერთად შესულია ათი მოთხრობა. მათ ვუწოდებდი ათ განუმეორებელ ისტორიას ადამიანებზე,რომლებიც უმიზნოდ ცხოვრობენ,მათი მთავარი საზრუნავი მხოლოდამხოლოდ საკუთარი სხეულია, მატერია და ყველაფერი მატერიალური. „პედრო პარამო“ არ არის კონკრეტული თემატიკაზე მორგებული ნაწარმოები, ეს წიგნი არსებობს იმისთვის,რომ თავადვე განსაზღრვრო სად მთავრდება რეალობა და იწყება გამოგონილი.

ჩემი აზრით „პედრო პარამო“ სცილდება მხატვრული ლიტერატურის ჩარჩოებს,მას მრავალი სახე გააჩნია.გააჩნია მკითხველი რომელი კუთხიდან  შეხედავს. ზოგიერთმა შესაძლებელია საკუთარ თავთან ურთიერთობაში დამხმარე სახელმძღვანელოდ აღიქვას ან სულაც პოლიტიკურ ტრაქტატად წარმოიდგინოს,არ არსებობს ერთი კონკრეტული ხედვა.სიმბოლიკებით დატვირთული ეს გენიალური ნაწარმოები ერთი დიდი მოგზაურობაა სამყაროში,სადაც (ალბათ) ძალიან ბევრ შეკითხვას სვამენ.

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ