დიდი დროის მანძილზე ფიქრობდა იმ ქმედებაზე, რასაც ცოტა ხანში რეალურს გახდიდა, ფიქრიდან ქმედებაში გადმოიტანდა და ფრთებს შეასხავდა: ერთი შეხედვით, თითქოს ფიქციურს . ხის სკამი ფანჯრის რაფის წინ დადგა და დაორთქლილ მინას მიაშტერდა, რომელიც გარეთ არსებულ მოყავისფრო-მოღიავო ფერის ეზოს აჩენდა . გადათეთრებულიყო თოვლით ეზო, ერთადერთი ხე იდგა ეზოში და ღობით შემოსაზრვრულიყო, თითქოს მის თავისუფლებას ზღუდავდა ეს ღობე, თუმცა ხეს არ აქვს თავისუფლების შეგრძნება ან შიძლება აქვს, მაგრამ რას გავიგებ ?! იმდენად ვერ გავიგებ, რამდენადაც მე ვერ გამიგებს სხვა და სხვას ვერ გავუგებ მე, ჩვენ ყველანი ერთად კი ჩვენ პერსონაჟს ვერ გავუგებთ ბოლომდე, რადგან ეს ბუნებაშია, რომ ჩვენ იმდენად ერთნაირები ვართ, რომ განსხვავებულობის სურვილი მაპროვოცირებელი ხდება ჩვენ შორის აღმართული ხიდის .
 ფიქრებმა წაართვა თავი, თუ თავი თავად ფიქრი არ არის და წამიერი სახება, რაც მდგომარეობას განაპირობებს . უამრავი აზრი იყრიდა თავს მის ფიქრებში, თუმცა რეფრენად ის აზრი გასდევდა, რომ მესამე სართულიდან გადახტომით შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მაგრამ გამოსავალი მალევე ჰპოვა – გადაწყვიტა თავით გადამხტარიყო და ასფალტზე დაესხა ტვინი .

 გონმა აიძულა ახსნა და გამართლება მოეძებნა იმისთვის, რასაც ჩაიდენდა, რამეთუ ეროსი მთელი მისი სიბილწით აიძულებდა დანებებას და შთააგონებდა, რომ სისუსტე სიძლიერე იყო და სიძლიერე სისუსტე, თითქოს ჰქონდა აზრი რამეს და ილუზიური არ იყო თავად აზრის აზრი, მნიშვნელობის მნიშვნელობა და წამიერი თვითდავიწყება, რომელსაც მუდამ მოსდევს საკუთარი თავის დაბრუნება, კვლავ სევდა და სიხარული, ამ გრძნობების ერთმანეთში ცვლა და ხელოვნური ძალაუფლება .

საბოლოოდ მიდიოდა აზრამდე, თითქოს ეგზისტენციალიზმი ძველი ღმერთის სიკვდილის შემდეგ გამოგონილი მისი ალტერნატივაა, რომელიც ისეთვიე ილუზიურია როგორიც წინა, თუმცა მეტად თავისუფლების მქადაგებელი და ჰუმანური, მაგრამ ილუზიური ! ხელოვნური, თავად ადამიანის სისუსტისგან მომდინარე და სხვა არარა, თუ არა გაქცევა რეალობიდან და შეფარება ფიქციურის, იულუზიურის, მოგონილის .

 ადრე კიცხავდა მწერლებს, ვინც ამბობდნენ, რომ საწყისი დებულება, საწყისი სუბსტანცია თუ მცდარია, მაშ არ ჰქონია აზრი არაფერს და ყველაფერი შესაძლებელია, მაშასადამე სიცოცხლესაც არ აქვს ფასი … ახლა კი ფერი იცვალა, გადააფასა და მოიცვა რაღაც მდგომარეობამ, რომელსაც ვერც სისუსტეს დავარქმევ და ვერც სიძლიერეს, უფრო მათ მიღმიერს ვუწოდებ და ახსნასაც ვერ შევძლებ, ვგონებ .

 საბოლოოდ კი ეძებდა მთავარ მაპროვოცირებელს, რაც იმას წაართმევდა, რაც ერთადერთი და ალბათ, განუმეორებელია – სიცოცხლეს და იქამდე მივიდა, რომ პრობლემა იყო ხიდებში, განსხვავებებში და ისეთ ფუნდამენტურ განსხვავებაში, რომელიც აიძულებდა სკეპტიკურობას და ეს განსხვავება უფრო მძაფრდებოდა, ძლიერდებოდა და იკვეთებოდა მის პიროვნებაში, რამეთუ ის ისეთივე იყო, როგორიც ეზოში მარტოდ მდგარი, თოვლით გათეთრებული შიშველი ხე .

გონმა დასძლია თავი, გაჰკვეთა ეროსი და გაქრა ეროსი, როგორც მისი სამეფო, ადგილი სადაც ის არსებობდა და იქნებ კეთილი მიზნით ატყუებდა მბრძანებელს – გონს .

ლუკა ბაკურაძე | ორშაბათი, 20 აგვისტო, 2018

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ